გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში ათეულობით ოჯახი დაზარალდა. ადიდებულია და ჯებირებიდან გადმოდის მდინარეები ალაზანი, თურდოს ხევი, ჭიჭაყვი და სტორი.
რადიო თავისუფლებას ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თურდოს ხეობაში წყალმა წაიღო სასმელი წყლის მილები და დაიტბორა სათავე ნაგებობა „წიწმატიანის“ სატუმბი სადგური - აქედან სასმელი წყლით მარაგდება თელავის მოსახლეობა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფშაველში, ლალისყურში, ქვემო ხოდაშენში, ყარაჯალასა და წინანდალში ფერმერებს სხვა პრობლემებიც შეექმნათ.
დატბორილია ხორბლის ყანები, ვენახები, ხეხილის ბაღები, სიმინდისა და მზესუმზირას ნათესები.
თურდოს ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა გაზსადენიც. გაზის მიწოდება შეუწყდა სოფლებს, რუისპირს, იყალთოსა და ყარაჯალას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლიდან წლამდე ხევების კალაპოტები არ გაწმენდილა, რის გამოც ისინი მუდმივად ზარალდებიან.
თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მერიის სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ზარალის დათვლა-აღწერა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თელავის მოსახლეობა რამდენიმე დღის განმავლობაში წყალს გრაფიკით 08.00 საათიდან – 12.00 საათამდე მიიღებს.
უამინდობის გამო წყალი არ მიეწოდება ყვარლის ნაწილსაც. გადაუღებელი წვიმების გამო კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია. თელავის სოფლებში მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ წვიმის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს მათ საცხოვრებელ სახლებსაც.
ფორუმი