„ვიაზრებთ, რომ ნატოს წევრობა გზაა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩიეს და განამტკიცეს კონსტიტუციაში. თუმცა საერთო დემოკრატიული ღირებულებები ფუნდამენტია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ხოლო ამ ღირებულებების პატივისცემა საკვანძო პირობაა ალიანსში გასაწევრიანებლად", - ნათქვამია 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო აცხადებს, რომ ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში:
„კანონი ე.წ. „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებს. თუ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიალანდშაფტს. კანონის ხელახალი წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება, მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხა და არჩია, უგულებელყო უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები“, - ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადებაში, რომლის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო გზაგასაყარზე იმყოფება:
„თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაუქმდეს. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში და ნატოში. მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათი მისწრაფებების მხარდაჭერას.“
- 25-27 მაისს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია მასპინძლობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად ისაუბრებს ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.
ფორუმი