Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში თქვენი როლი და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია - პრეზიდენტი დიასპორას მიმართავს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორას მიმართავს, რომ მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

პრეზიდენტი მიმართვაში ასევე წერს, რომ მის გეგმაში, რომელსაც "ქართული ქარტია" ჰქვია, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროა დიასპორის სრული მობილიზაცია არჩევნებისთვის.

"თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე, შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა - ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში", - წერია პრეზიდენტის მიმართვაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილებს გააცნო სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „ქართული ქარტია“. შეკრებილებს შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

„თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და მე მევალება თუ ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს საკუთარ თავთან, პირველ რიგში, და ევროპაში ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად და მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას და დიდწილად პოლიტიკოსების მიმართ ნდობაც დაკარგულია, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ნიჰილიზმის, ქიშპობის და ცალკეული პოლიტიკური ამბიციების დრო არ არის.

14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.

კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.

პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG