Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაღალე რეჟიმი" - "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

"დაღალე რეჟიმი" - ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეები აქცია-მსვლელობას მართავენ. 5 ივნისი, 2024 წელი
"დაღალე რეჟიმი" - ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეები აქცია-მსვლელობას მართავენ. 5 ივნისი, 2024 წელი

დღეს, 5 ივნისს, ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეები აქცია-მსვლელობას მართავენ თბილისში. აქციის ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი". ისინი პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და მსვლელობით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან.

"ძვირფასო პოლიციელებო, დღევანდელი ჩვენი აქციის მიზანი თქვენი დაღლაა", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მას შემდეგ, რაც მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციამდე მივიდა. იქ მათ რამდენიმე ათეული სამართალდამცავი დახვდა.

საქართველოსა და ევროკავშირის გაშლილი დროშებით მომიტინგეებმა მსვლელობა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ცენტრალური ოფისისკენ გააგრძელეს.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG