Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საგანგაშოა მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები“ - ომბუდსმენი ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა


ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი.
ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი.

სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ის მიიჩნევს, რომ ძალადობის თითოეულ ფაქტზე სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მკაცრი პასუხის გაცემა.

„საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები“, - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენი გამოეხმაურა, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების შესახებ.

„პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს“, - აღნიშნავს ლევან იოსელიანი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას აცნობონ.

11 ივნისს, დილით სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილის სახლთან თავს დაესხნენ. ის რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყვეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.

11 ივნისს დილით, ბერძენიშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, და „ევროპის სახელით მიმდინარე“, „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია“ უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.

„აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.

შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა "სირცხვილიას" დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.

„ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")", - დაწერა პაპუაშვილმა.

ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს.

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.

გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.

ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.

პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG