Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მშვიდობის სამიტის შესახებ: დიალოგი შედგა და მას შეიძლება პრაქტიკული შედეგები მოჰყვეს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე. 16 ივნისი, 2024 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე. 16 ივნისი, 2024 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მშვიდობის სამიტს, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში, შეიძლება პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვეს მშვიდობის გზაზე.

მან თავის გამოსვლაში თქვა, რომ "დიალოგი შედგა. ცხადია, რომ მას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სრულიად პრაქტიკული ნაბიჯები. ჩვენ ყველანი მსოფლიოში დაინტერესებული ვართ, რომ ატომური ელექტროსადგური ან სხვა ობიექტები უსაფრთხოდ იყოს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს “რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საჭიროების სრული გაგებისა და აღიარებისათვის." უკრაინის პრეზიდენტის სამადლობელი სიტყვები მიჰყვებოდა კომუნიკეს საკითხებს და მან მადლობა უთხრა “თითოეულ ლიდერს, თითოეულ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას ტრანსპორტისა და სურსათის თავისუფალი მოძრაობის შესანარჩუნებლად...“

ბოლო პუნქტად ზელენსკიმ ახსენა ორივე მხარეს დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების თემა - ტყვეების გაცვლის საკითხი.

უკრაინას მოუწევს რუსეთთან დიალოგის გამართვა, მაგრამ არა ულტიმატუმების ენაზე, რომელსაც ახლა კრემლი აყენებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. კულებამ ჟურნალისტებს შვეიცარიაში უთხრა, რომ „ დადგება მომენტი, როცა საჭირო გახდება რუსეთთან საუბარი. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალზე ცხადია: ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, ულტიმატუმების ენაზე გველაპარაკოს, როგორც ის ახლა გველაპარაკება".

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ პუტინის ბოლო ულტიმატუმს "სამიტზე არანაირი მადა არ აღუძრავს, რადგან ყველას ესმის, რომ ეს გაკეთდა ერთი მარტივი მიზნით - რომ სამიტის წინ რაღაც პიარტალღა გაჩენილიყო".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მშვიდობის სამიტის ერთობლივ საბოლოო განცხადებაზე მუშაობა დასრულებულია. ის ღია იქნება მათთვის, ვისაც სურვილი ექნება შეუერთდეს. კულებამ განაცხადა, რომ ტექსტი გაწონასწორებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.

მშვიდობის სამიტში ასამდე ქვეყანა მონაწილეობდა, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იყო წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც სამიტის პირველ დღეს წარმოთქვა სიტყვა და გამართა შეხვედრები.

მშვიდობის სამიტის მიზანია უკრაინაში ომის დასრულების გზების მოძებნა. შეხვედრა გაიმართა კიევის ინიციატივით. რუსეთი მასზე არ მიუწვევიათ. მასში არ მონაწილეობს ასევე ჩინეთი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG