Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება


ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელია რაიონულ სერვისცენტრებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.
ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელია რაიონულ სერვისცენტრებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

თბილისის საბავშვო ბაღებში ​​​​​​​​ბავშვების რეგისტრაცია მომავალი სასწავლო წლისთვის 8 ივლისიდან დაიწყება. მშობელი სისტემაში ვერ დაარეგისტრირებს ბავშვს, რომელსაც 16 სექტემბრის ჩათვლით, არ შესრულებია ორი წელი.

მშობელმა ბავშვის მონაცემები უნდა შეავსოს ვებსაიტზე kids.org.ge. იმავე სერვისის მიღება შესაძლებელია რაიონულ სერვისცენტრებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ:

  • სოციალურად დაუცველი იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის - ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
  • მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
  • ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
  • თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 15 ივლისს 10:00 საათზე და დასრულდება 21 ივლისის 00:00 საათზე. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება თბილისში რეგისტრირებული ბავშვების დარეგისტრირება. მესამე ეტაპი კი, რომელიც 22 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება, საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG