Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ნაკრებს პირველი 30 მილიონი გადასცა


ფოტოზე მარჯვნიდან: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პრემიერი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებიან. 18 ივნისი, 2024 წელი
ფოტოზე მარჯვნიდან: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პრემიერი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებიან. 18 ივნისი, 2024 წელი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პორტუგალიასთან მოგებული მატჩისა და ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს პირველი 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. ამის შესახებ მან 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯილდოს შესახებ ფეხბურთელებს შეხვედრის დროს უთხრეს. მისივე სიტყვებით, ნაკრების წევრებს შეახსენეს, რომ იგივე განმეორდება მომდევნო თამაშის მოგების შემთხვევაშიც.

"ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.

26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG