Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: „ოპოზიცია არის ამ ქვეყნის მტერი“


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, „ქართული ოცნებაა“, ხოლო „ოპოზიციის ქმედებები მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესშიც“.

„ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, რასაც დაავალებენ, აკეთებენ იმას და ის, რასაც აკეთებენ, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ჩვენ გვახსოვს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ რას აკეთებდნენ, რა მეილებს უგზავნიდნენ ევროპარლამენტარებს. იგივე ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს როგორ დარბოდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს რომ პირდაპირ მოწოდებები იყო, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, იგივე არის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ანუ ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე დააზიანონ ქვეყნის ევროპული მომავალი და პირდაპირ ვიტყვი - ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ყველაფერი, თუკი რაიმე გაკეთებულა ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება 2012 წლიდან მოყოლებული. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, ხელშესახები ცვლილება განხორციელებულია „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ. საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული იმ მოვლენების გამო, რომლებიც სერიოზულ ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებასა და მზადყოფნაზე, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებები.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“', - ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოლაპარაკებების გახსნამდე მიიღო „აგენტების კანონი“, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG