Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერია


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ კიევის თავზე მოგერიებული რუსული დრონი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ კიევის თავზე მოგერიებული რუსული დრონი

დრონებით მორიგი შეტევის გამო უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში დილის ექვს საათამდე გაგრძელდა 4 ივლისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

კიევის შემოგარენში არაერთი აფეთქება იყო, რაც ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დრონების მოგერიებით იყო გამოწვეული.

დილით კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები კიევს ტალღებად, სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებოდნენ. ადმინისტრაციის ცნობითვე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად არცერთ დრონს კიევამდე არ მიუღწევია და ყველა აპარატი დედაქალაქის მისადგომებთან განადგურდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხმელეთზე მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოგერიებული დრონების რიცხვს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა გამოაქვეყნებს.

განახლება: ადგილობრივი დროით 09:00 საათის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ თავდაცვის ძალებმა კიევის და ასევე ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავის ოლქების ფარგლებში ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გამოყენებული 22-დან 21 დრონი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG