საგაფიცვო პროცესი დღეს, 12 ივლისს, 12:00-ზე დაიწყო. გაფიცულთა ნაწილმა სამუშაო ადგილები მუშაობის პროცესის მიმდინარეობისას დატოვა და გაფიცვას შეუერთდა. ასეთებს „ევოლუშენის“ ოფისთან შეკრებილები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.
„ევოლუშენში“ დასაქმებულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის 100%-იანი ზრდისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების გარდა, მოითხოვენ:
- თამაშს დაემატოს წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავებისთვის „თიფის“ დატოვების ფუნქცია;
- სამუშაო სივრცეში მიიყვანონ ექიმი და გახსნან სამედიცინო პუნქტი;
- მისცენ შესვენებით სარგებლობის უფლება სამი მაგიდის შემდეგ;
- გაუმჯობესდეს სტუდიებში ტემპერატურის კონტროლი;
- გაიზარდოს ნივთების შესანახი კარადების რაოდენობა და ყველა დასაქმებულს ჰქონდეს პერსონალური კარადა;
- აღიჭურვოს მონიტორები დამცავი ფარებით;
- დამსაქმებელმა უზრუნველყოს უნიფორმების და მაკიაჟის ხარჯი;
- დაემატოს კვების ობიექტი, საჭმლის შესანახი მაცივრები, გამოსაცვლელი და მოსასვენებელი სივრცეები;
- სათამაშო მაგიდაზე დაუშვან ხელსახოცები;
- გაორმაგდეს სამუშაო საათების ანაზღაურება რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების შესაბამის დღესასწაულებზე მუშაობის შემთხვევაში;
- საჩივრის წარდგენის სისტემა გამარტივდეს და სხვა.
კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, დღევანდელი მონაცემებით, 7000-მდე თანამშრომელი ჰყავს. მათი საშუალო ასაკი 25 წელია. კომპანიაში უმეტესწილად სტუდენტები ან ისეთი ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებსაც ძირითადი სამსახურის გარდა, სურთ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. ისინი კვირაში სამ დღეს მუშაობენ. თავად ირჩევენ სამუშაო გრაფიკსაც. კომპანია ონლაინკაზინოებს ემსახურება, რაც გულისხმობს კაზინოებისთვის ლაივთამაშების წაყვანის მომსახურებას სპეციალურად მოწყობილი სტუდიებიდან. კომპანია ექვს შენობაშია განთავსებული. ოთხ მათგანში მოწყობილია ის სტუდიები, საიდანაც ონლაინკაზინოების თამაშების ტრანსლირება ხდება.
ძირითადად სწორედ სტუდიებში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის თამაშის წარმდგენები თუ ბანქოს მჩეხავები, აკრიტიკებს კომპანიას და ამტკიცებს, რომ დასაქმებულებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, ხოლო შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა.
სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს, რომელთა მინაწერის თანახმადაც, მათ სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ. ხოლო სკამები, რომლებზეც სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით. მათივე მტკიცებით, სამუშაო ადგილზე შეუძლოდ გახდომა ნიშნავს, რომ ბონუსს ვეღარ მიიღებ. ამიტომ ცდილობენ, ცუდად ყოფნა არ შეიმჩნიონ.
კომპანია განმარტავს, რომ ქცევისა და თამაშის წესები საერთაშორისოდ დამტკიცებული სტანდარტია, რასაც მხოლოდ საქართველოში ვერ გადახედავენ, სამედიცინო საჭიროებებს კი მათ მიერ შეთავაზებული „ძალიან კარგი პირობით“ დაზღვევა უზრუნველყოფს.
„'ევოლუშენი' იმყოფებოდა სამედიაციო პროცესში. ჩვენ სრულად მივყევით კანონის მიერ დადგენილ პროცესს, რომლის განმავლობაშიც, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით. თითოეული დაფიქსირებული მოთხოვნის შესახებ კომპანიის პოზიცია ეცნობა სამედიაციო პროცესის მხარეებს, მათ შორის ევოკავშირის წევრებს. ამ ეტაპზე დეტალების განხილვისგან თავს შევიკავებთ”, - აცხადებენ კომპანიაში.
დასაქმებულების პროტესტს წინ უსწრებს „ევოლუშენ საქართველოს“ მენეჯერების ჩათის მიმოწერების გავრცელება, რომელშიც ჩანს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ე.წ. თიმმენეჯერები კამერებში აკვირდებიან დასაქმებულებს და დასცინიან ფრჩხილის სიგრძის, წონის თუ კანის ფერის გამო. მტკიცებულებები ონლაინპლატფორმა „მაუწყებელმა“ გაავრცელა.
„ევოლუშენ საქართველო“ ოფიციალური განცხადებით გაემიჯნა მენეჯერების შიდა მიმოწერის შინაარსს. განცხადებაში ეწერა, რომ ასეთი ქმედებები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და „დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები“.
ფორუმი