Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით შეტევა იყო


ფოტო არქივიდან. ფიოლენტის კონცხი, სადაც დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი.
ფოტო არქივიდან. ფიოლენტის კონცხი, სადაც დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი.

15 ივლისს, გამთენიისას, აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა აფეთქების გამომწვევ მიზეზად დაასახელა უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება. რაზვოჟაევის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებს ფიოლენტის კონცხის რაიონში ებრძოდნენ.

ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ფიოლენტის კონცხზე დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრი.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამიზნეების და ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის თავზე გაანადგურეს ექვსი უკრაინული დრონი.

კიევს სევასტოპოლზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. უკრაინის თავდაცვის ძალები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს ხშირად უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG