პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა 28 ივლისს სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალის გატაცების საქმეზე.
გამოძიება ერთ მათგანს, 26 წლის კაცს, ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. დანარჩენ ოთხს კი მხოლოდ თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ". პოლიციამ გატაცებული ქალი სოფელ ყარაჯალაში იპოვა.
23 წლის ქალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 28 ივლისს, საღამოს, გაიტაცეს. ის სამართალდამცველებმა მეორე დღეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში, იპოვეს და ოჯახში დააბრუნეს.
როგორც გატაცებული ქალის მამამ რადიო თავისუფლებას 28 ივლისს უთხრა, მისი სტუდენტი შვილი სოფელში თბილისიდან ჩავიდა და იმავე სოფელში ბებიის სანახავად იყო წასული.
„ბებიის სახლიდან რომ გამოვიდა, ამ დროს ქუჩაში დახვდა ოთხი კაცი. ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს. ეს ყველაფერი ქუჩაში დამონტაჟებულ ვიდეო სათვალთვალო კამერებზე იყო აღბეჭდილი. გამტაცებლები ჩვენი თანასოფლელები არიან. რა მიზნით გაიტაცეს, არ ვიცით“, - თქვა მან.
ქალის გატაცების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით. დანაშაულები 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი