Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Google-ის იძულებით გაყოფას განიხილავს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Google-ის იძულებით გაყოფას განიხილავს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Google-ის იძულებით გაყოფას განიხილავს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს ზომებს, რათა გამოასწოროს ვითარება კომპანია Google-ში მას მერე, რაც ის ონლაინ ძიების სფეროში მონოპოლისტად გამოაცხადეს.

ამის შესახებ New York Times-ს აცნობა განხილვის პროცესთან ახლო მყოფმა სამმა წყარომ.

რადიკალურ ზომებს შორის არის კომპანიის გაყოფა - მათ შორის მობილური საოპერაციო სისტემა Android-ის ან ბრაუზერ Chrome-ის გამოყოფა. ოფიციალური პირები ასევე გამოდიან წინადადებით, აეკრძალოს კომპანიას დადოს ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, Google-ი სხვადასხვა მოწყობილობაში სტანდარტულ სამძებრო სისტემადაა წინასწარ დაყენებული. ამასთან, განიხილავენ ზომებს, რომლებიც აიძულებს Google-ს, უზრუნველყოს თავის მონაცემებზე კონკურენტების წვდომა.

ეს პროცესი დახურულია და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

Google-ში აცხადებენ, რომ აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. კომპანიამ სასამართლოს 4 სექტემბრამდე უნდა მიმართოს.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ი ბოროტად იყენებდა ონლაინ ძიების სფეროში თავის მონოპოლიურ მდგომარეობას. კონკურენტები ვერ ახერხებდნენ Google-თან პაექრობას ბაზარზე.

მოსამართლის თქმით, Google-ი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა Apple-ი და Samsung-ი, რათა Google-ის საძიებო სისტემა წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია ყოფილიყო მათი პროდუქტებისთვის. ეს გადასახადები, რომლებიც 26 მილიარდ დოლარს აღწევს, კონკურენტებს ხელს უშლიდა Google-თან კონკურენციაში ონლაინ ძიების ბაზარზე.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ანტიმონოპოლიურ სფეროში ბოლო 26 წლის მანძილზე პირველი იყო, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს უკავშირდებოდა.

მონოპოლიის კანონის დარღვევაში 1998 წელს Microsoft-ი დაადანაშაულეს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG