Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ოთარ ცინდელიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


ოთარ ცინდელიანი სასამართლო პროცესზე. 29 თებერვალი, 2024 წელი
ოთარ ცინდელიანი სასამართლო პროცესზე. 29 თებერვალი, 2024 წელი

თბილისში, სოფელ წინუბანში 21 წლის ახალგაზრდა ქალის - ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა.

საქმის განხილვა დღეს, 12 სექტემბერს დამთავრდა, განაჩენის გამოსაცხადებლად მოსამართლე გიორგი გელაშვილი სათათბირო ოთახში რამდენიმე წუთით გავიდა.

მოკლულ ქალს 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა, თუმცა სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით არ ჩაუდენია, რაც საქმისთვის დამამძიმებელი გარემოება იყო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დამნაშავემ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინა.

თანატოლის მკვლელობისთვის ახალგაზრდა კაცს ბრალი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

21 წლის კაცმა თანატოლი ქალი 28 თებერვალს მოკლა თბილისში, სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებიდან რამდენიმე კილომეტრში - სოფელ წინუბანში.

პოლიციამ ოთარ ცინდელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა, გამოძიების ინფორმაციით, ის ქალის მოკვლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ცდილობდა მიმალვას. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG