Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სუმის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონებით შეტევის შედეგები სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონებით შეტევის შედეგები სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სუმის ოლქზე. ეს რეგიონი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აგვისტოს დასაწყისიდან ატარებენ სახმელეთო ოპერაციას.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 17 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მასირებული დარტყმის სამიზნე იყო ენერგოობიექტები. ქალაქ სუმის და კონოტოპის და ახტირსკის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეფერხებით მუშაობს წყლით მომარაგების სისტემა. საავადმყოფოები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები სარეზერვო ენერგოკვებაზე გადაიყვანეს. მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა სუმის ოლქში 16 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სულ 51 დრონი, რომელთაგან 34 ჩამოაგდეს, 12 „ლოკალურად დაიკარგა“, ორი კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

სუმის ოლქის გარდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის და პოლტავის ოლქებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG