ცხრა შემთხვევიდან ექვსი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყო; ორი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“; ერთი კი - პლატფორმა „აირჩიე ევროპის“.
ანგარიშში მოხვდა შემდეგი შემთხვევები:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას, 11 აგვისტოს სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს დაესხნენ თავს. მას სახეში ხელი მაშინ ჩაარტყეს, როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა;
- კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებს თავს ქარელში დაესხნენ 8 სექტემბერს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები დაესხნენ თავს;
- პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ 16 სექტემბერს ზურაბ აბაევს ჯერ სცემა და შემდეგ დააკავა;
- 3 აგვისტოს ბათუმში პარტიის, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები ამომრჩეველს ხვდებოდნენ, როცა პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. „დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა“, - აღნიშნავენ საიაში.
- სიტყვიერი დაპირისპირება იყო 13 სექტემბერს ქუთაისში, პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. როგორც საია იუწყება, „შეხვედრაზე მივიდა ენმ-ის წარმომადგენელი. იგი აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას“;
- 15 სექტემბერს კი „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლებს რუსთავში „რუსთავი მოლის“ დაცვამ არ მისცა ბროშურების დარიგების შესაძლებლობა.
- რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ენმ-ის წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს, ავტომობილი დაუზიანეს;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში 15 სექტემბერს ავტომობილი დაუზიანეს „ქართული ოცნების“ წევრსა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ჯუმბერ იზორიას.
არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
ფორუმი