Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს] - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე


დაფნა რენდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
დაფნა რენდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დაფნა რენდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა და კონგრესი უმაღლეს დონეზე აკვირდებიან საქართველოს. ამის შესახებ მან "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა"(IRI) და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ილაპარაკა.

სიტყვით გამოსვლისას, დაფნა რენდიმ ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და თქვა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია მხარეებს შორის.

"მინდა ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, რადგან ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობისთვის, ძალიან საგანგაშოა. "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, 26 ოქტომბერს სახეზეა ძალიან კონკურენტული არჩევნები. ამასთან ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ პარტიას ["ქართულ ოცნებას"], რომელმაც გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა - მაგალითად, "აგენტების კანონის" მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, განსხვავებული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას მმართველ პარტიაზე, კრიტიკას, ახალი იდეების შეთავაზებას. [...]

ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ არჩევნების გამო, რადგან იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია. პრობლემა არ არის, თუ "ქართული ოცნება" სამართლიანად გაიმარჯვებს, პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხის სურვილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს", - თქვა მან.

დაფნა რენდის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება და რეფორმების პროცესის გავლა, რასაც ბლოკში გაწევრიანება მოიაზრებს. მისივე შეფასებით, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი უკან, თავის ორბიტაში ჩაითრიოს, "რაც უბრალოდ მიუღებელია".

"ვფიქრობ, ყველა მიხვდით, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [საქართველოს არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი", - განაცხადა რენდიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG