რივერსაიდის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა კალიფორნიაში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად შეიარაღებული ადამიანი დააკავეს. ოლქის შერიფმა მომხდარს უწოდა "სავარაუდოდ, თავიდან აცილებული მკვლელობის მცდელობა", - იუწყება გამოცემა Press Enterprise-ი.
მეზობელ შტატ ნევადის მკვიდრის, 49 წლის ვან მილერად იდენტიფიცირებული მამაკაცის მანქანა აქციის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე გააჩერეს. Los Angeles Times-ის თანახმად, მანქანაში მილერის კუთვნილი თოფი და პისტოლეტი იპოვეს. იარაღი დატენილი აღმოჩნდა, ეჭვმიტანილს ასევე უპოვეს ტყვიებით სავსე მასიური მჭიდები.
დაკავების დროს მილერმა წარადგინა ტრამპთან შეხვედრაზე დასასწრები ყალბი VIP მოწვევა და პრესის პირადობის მოწმობა. შერიფ ჩად ბიანკოს თანახმად, ეჭვმიტანილი არის რეგისტრირებული რესპუბლიკელი, რომელიც 2022 წელს ნევადის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის არჩევნებში მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ მილერი მემარჯვენე ანტისამთავრობო ჯგუფის წევრია.
მილერი დააპატიმრეს დატენილი იარაღის ტარებისა და მაღალი ტევადობის მჭიდების ფლობის ბრალდებით. ახალი ამბების გამოქვეყნების დროს, ტრამპის შტაბს შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. შერიფის ოფისში განაცხადეს, რომ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია კანდიდატის ან მასთან შეხვედრის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე წინასაარჩევნო პერიოდში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმი