Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ახობაძე საპატიმროდან დედის პანაშვიდზე მიიყვანეს


გიორგი ახობაძე
გიორგი ახობაძე

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, გიორგი ახობაძეს, დედის პანაშვიდზე დასწრების საშუალება მისცეს - რამდენიმე საათით იგი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოიყვანეს.

დაპატიმრებამდე ის თავად უვლიდა დედას, რომელიც მძიმე ავადმყოფი იყო.

იურისტმა ლაშა ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადვოკატები პენიტენციურ სამსახურს სთხოვდნენ, გიორგი ახობაძეს დედის დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობა მისცემოდა. დაკრძალვა ხვალ, 18 იანვარსაა.

დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახობაძემ ილაპარაკა 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც, რომელზეც ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ახობაძე აღნიშნავდა, რომ აქვს დედის მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი ჰქონდა ინსულტი, წართმეული ჰქონდა მეტყველება და მწოლიარე მდგომარეობაში იყო.

ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, პროფესიით ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს - მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლოს სხდომაზე „სპექტაკლი“ უწოდა მისთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და დაკავებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG