Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე იმართება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები


სტუდენტები აპროტესტებენ ბსუ-ს რექტორის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სავარაუდო დანიშვნას.
სტუდენტები აპროტესტებენ ბსუ-ს რექტორის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სავარაუდო დანიშვნას.

21 იანვარს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ-ს) რექტორის არჩევნების დაწყების პარალელურად, ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო.

„სირცხვილია, სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, - სკანდირებენ დემონსტრანტები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში იმყოფებიან.

მათი ნაწილი ცდილობს შევიდეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე, რომელზეც რექტორს ირჩევენ.

ისინი პროტესტის ნიშნად აუდიტორიის კარზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.

უნივერსიტეტში ასევე მივიდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერენ მხარს.

კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“

რექტორობის კანდიდატები არიან:

  • ტიტე აროშიძე - „ქართული ოცნების“ წევრი აჭარის სადავო ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესი საბჭოდან;
  • არჩილ გუჩმანიძე - გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე მოქალაქე, იქთიოლოგი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკოსი. იგი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა ზეწოლა და მუქარა მასზე.

არჩილ გუჩმანიძე, - დემონსტრაციის მონაწილეების მსგავსად, - მიიჩნევს, რომ ეს ამ უნივერსიტეტისთვის არის „ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები“, რომელიც გადაწყვეტს, ეს სასწავლო დაწესებულება „დარჩება უნივერსიტეტად თუ გადაიქცევა მმართველი პარტიის ოფისად“.

„ამ შემთხევავაში მარტო ვუპირისპირდები ბსუ-ში შემოღწევის სურვილის მქონე ტიტუშკებს, სუს-ს, ანტიქართულ, ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკას“, - წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუკზე.

„მმართველმა პარტიამ ბსუ-ს აკადრა კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნია ციტირება, უბრალოდ არც იძებნება „გუგლ სქოლარში“ [აკადემიური ლიტერატურის საძებარ სისტემაში], როგორც მეცნიერი და მკვლევარი“, - ამბობს გუჩმანიძე.

მას მიაჩნია, რომ აროშიძის - სადავო უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის - არჩევით „დაზიანდება უნივერსიტეტის რეპუტაცია, ავტორიტეტი, აკადემიური თავისუფლება, აკადემიური მიუკერძოებლობა და აკადემიური ხარისხი“ და „გაიმარჯვებს სიბნელე“.

„მუქარა ოჯახის წევრებით“

არჩილ გუჩმანიძემ 17 იანვარს გამოაცხადა, რომ რექტორობაზე იყრიდა კენჭს. რამდენიმე საათში კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაემუქრნენ.

„პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ „კეთილისმყოფელები“ და გადმომცეს: „ზევიდან“ ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო, პოსტები წაშალოო და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გექნებაო, შენ ან შენი ოჯახის წევრებსო“, - განაცხადა გუჩმანიძემ.

მას კანდიდატურა არ მოუხსნია.

„მგონი, ცხადია არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში [სხვადასხვა სფეროში] პარტიული კონიუნქტურის შემოსვლა“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბსუ-ს პროფესორმა ინგა შამილიშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ეს, რაც ხდება, არის პირდაპირი ჩარევა უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში“, - ამბობს შამილიშვილი, რომელიც ბსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორია.

ბსუ-სთან მიმდინარე აქციის მონაწილე, სტუდენტი მათე ცენტერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„თუ აქამდე ბსუ-ში „ქართული ოცნება“ თავის საქმეებს აკეთებდა შუამავლებით, ახლა პირდაპირ ტიტე აროშიძე დაგვისვეს, რომელიც მთელი ამ [საპროტესტო დემონსტრაციების] განმავლობაში ჩვენი, მათ შორის ბსუ-ს სტუდენტების მარგინალიზებას ცდილობდა“.

ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში - რომელმაც ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს რექტორი - არის ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე.

იგი დღევანდელ განხილვასაც ესწრება - გუჩმანიძის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტზე მითითების მიუხედავად.

ტიტე აროშიძის ძმა პაატა აროშიძე [ფოტოზე შუაში. სათვალეებით] აკადემიური საბჭოს წევრია და ინტერესთა კონფლიქტზე მითითების მიუხედავად, კენჭისყრასა და სხდომაში მონაწილეობს.
ტიტე აროშიძის ძმა პაატა აროშიძე [ფოტოზე შუაში. სათვალეებით] აკადემიური საბჭოს წევრია და ინტერესთა კონფლიქტზე მითითების მიუხედავად, კენჭისყრასა და სხდომაში მონაწილეობს.

ტიტე აროშიძის თანაგუნდელმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აჭარის სადავო მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ჩვენთვის ერთ-ერთი ძვირფასი საგანმანათლებლო დაწესებულება“ უწოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განაცხადა:

„უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები“.

მან ასევე თქვა, რომ „თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია“.

„დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიური საბჭო ღირსეულ კანდიდატზე შეაჩერებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ვაკანტური პოზიცია

რექტორის პოსტი 2024 წლის ივლისის შემდეგაა ვაკანტური.

რექტორობის კანდიდატების განცხადებების მიღება 2024 წლის 12 ივლისს დასრულდა, თუმცა განაცხადი არავის შეუტანია.

მას შემდეგ რექტორის მოვალეობას ასრულებს მერაბ ხალვაში, - რომელსაც რექტორის პოსტი მანამდე უკვე ორი ვადით ეკავა. ის აკადემიურმა საბჭო 2016 და 2020 წლებში აირჩია.

რექტორის პოსტზე მესამე ვადით ერთი და იმავე პირის არჩევა არ არის დაშვებული.

ამასთან, მერაბ ხალვაშს მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაც მხოლოდ ექვსი თვით ეკავა, - მეორედ ერთი და იმავე ადამიანის მოვალეობის შემსრულებლად არჩევა/დანიშვნა ასევე არ არის დაშვებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG