Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი მოლთან“ და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა


პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს. 2 თებერვალი
პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს. 2 თებერვალი

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით).

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა.

სისხლის სამართლის წესით არავინ დაუკავებიათ.

გუშინ, 2 თებერვალს, დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია გაიმართა ახალი არჩევნების ჩატარებისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სურდათ.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების გადაკეტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, შემდეგ კი აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლით წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ - ორ თვეზე მეტია, სწორედ ამ ადგილზე იმართება უწყვეტი პროტესტი.

აღმაშენებლის გამზირი ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.

პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში ჩანდა, დაკავების დროს როგორ ძალადობდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებზე და აგინებდნენ დემონსტრანტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG