Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით რვა ადამიანი დააკავეს - სია


2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გიგი უგულავა და კიდევ 30 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გიგი უგულავა და კიდევ 30 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

2 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით რვა ადამიანი დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შსს დაკავებულების შესახებ განცხადებაში მხოლოდ ინიციალებს წერს, თუმცა რადიო თავისუფლებამ შეძლო მათი იდენტიფიცირება:

  1. ირაკლი წიგნაძე; კაცი, რომელსაც გასული წლის 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  2. ირაკლი ტაბატაძე;
  3. ნიკოლოზ კუტუბიძე - სტუდენტი;
  4. ვასილ ელიავა;
  5. ნიკოლოზ ქუმსიშვილი;
  6. ალექსანდრე გოგოლაძე;
  7. დიმიტრი ბიძინაშვილი ოპოზიციური კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი
  8. გიგი უგულავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თბილისის ყოფილი მერი

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას“, - წერია განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით, მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ამ დღეს პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან და სანაპიროზე 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით).

მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძემ აღმაშენებლის ხეივანი აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე შეიყვანა სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.

ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა დემონსტრანტების უფლებები - უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. გუშინ კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG