Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჭვია, რომ დიპლომატიური ფოსტა სანქციების ასარიდებლად გამოიყენება - გახარიას პარტია უტა ივანიშვილსა და იაპონიაში ელჩზე


გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ იაპონურ მედიაში გავრცელებულ სტატიას ეხმაურება.
გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ იაპონურ მედიაში გავრცელებულ სტატიას ეხმაურება.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია ეხმაურება იაპონური გამოცემის სტატიას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, უტა ივანიშვილს, ტოკიოში შეხვდა საქართველოს ელჩი და „ჩემოდანი“ გადასცა და აცხადებს: „შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც“.

„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში“, - წერს პარტია 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

„ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც“, - აცხადებს პარტია.

„ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“.

იაპონური მედიის ცნობით, უტა ივანიშვილს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედია, დაგეხმარება“.
იაპონური მედიის ცნობით, უტა ივანიშვილს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედია, დაგეხმარება“.

იაპონურმა საგამოძიებო მედია „ბუნშუნმა“ (Shūkan Bunshun) 6 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქმედი ელჩი იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ტოკიოში შეხვდა მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილს, - და შავი ჩემოდანი გადასცა სიტყვებით: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“.

„ბუნშუნი“ ასევე წერს, რომ უძრავი ქონების რეესტრიდან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უტა ივანიშვილმა ტოკიოში, ფეშენებელურ კორპუსში 2024 წლის ივნისში შეისყიდა აპარტამენტი, რომლის საბაზრო ფასიც შესყიდვის მომენტში 500-დან 550 მილიონამდე იაპონურ იენს შეადგენდა. ეს არის 3,28-დან 3,6 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა.

გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, თუმცა მათში მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას სახე ჩანს. სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე დაფარულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG