ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი ყოველთვის დაუჭერენ მხარს რუსეთის ქმედებებს თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
კიმ ჩენ ინი ასევე გამოეხმაურა აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის სამმხრივ სამხედრო თანამშრომლობას და ქვეყნები რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა.
შაბათს, თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას, მან ხაზი გაუსვა, რომ ფხენიანი არ ცდილობს ესკალაციას, მაგრამ მიიღებს აუცილებელ ზომებს „სამხედრო ბალანსის შესანარჩუნებლად“.
მანამდე იაპონური ტელეარხი NHK იტყობინებოდა, რომ 2025 წელს ჩრდილოეთი კორეა, რუსეთის დახმარებით, დრონების მასობრივ წარმოებას დაიწყებდა. არხის წყაროების თანახმად, ეს შეთანხმება შესაძლოა მიღწეულიყო ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს საბრძოლველად გაგზავნის სანაცვლოდ.
გასულ თვეში სამხრეთმა კორეამ გამოთქვა ეჭვი, რომ ჩრდილოეთი კორეა ემზადებოდა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მეტი ჯარისკაცის (გარდა იმ 11 000-ისა, რომლებიც უკვე გაგზავნეს ბრძოლის ველზე) გასაგზავნად.
ფორუმი