როგორც გიორგი ჩიკვაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სასამართლო სხდომა, რომელიც 25 მარტს იყო დაგეგმილი, მოულოდნელად 11 მარტს დაინიშნა.
„უეცრად ხვალ 11 საათზე დანიშნეს ჩვენი პროცესი. პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე. რა თქმა უნდა, მოსამართლე დაუკმაყოფილებს“, - ამბობს ჩიკვაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
„შესაბამისად, სავარაუდოდ, 12 საათისთვის განჩინება ექნებათ და პირველი საათისთვის ველი დაკავებას“, - ამბობს ის.
„რა უნდა დავაპირო, დაგვაკავებენ და ეგ იქნება“, - გვითხრა მან.
რადიო თავისუფლება ცდილობს პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმებას. უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე ავსახავთ.
მისი განცხადებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხი მისი მხრიდან „სისტემის სრულ მხილებაზე“.
„42 ავტომობილი და 72 გაურკვეველი პირი“
8 მარტიდან 10 მარტის შუალედში ჩიკვაიძემ გამოაქვეყნა არაერთი ვიდეო, სადაც, მისი მონათხრობის თანახმად, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ: თბილისში, სახლთან, გზაში თუ მაღაზიაში, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურასა და საგურამოში, მის საცხოვრებელ სახლთან.
როგორც ის ფეისბუკზე წერს, უკვე აღრიცხა მასზე თვალთვალის მიზნით ადევნებული 42 ავტომობილი და 72 ადამიანი.
9 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ჩიკვაიძე წერს იმასაც, რომ სუს-ის თანამშრომლები სახლში შეიტყუა:
„გვქონდა სატელეფონო საუბარი ერთმანეთში, რომ თითქოს სახლიდან გამოვედი, კარი არ დამიკეტავს, რადგან ვერ ვიპოვე გასაღები. იმავე საუბარში აღვნიშნე, რომ სახლის უკანა მხარეს კამერები გათიშულია და ამაზე ძალზე ვნერვიულობდი. ეს გოიმები ამას წამოეგნენ და დაახლოებით 15-20 წუთში სახლში შემოვიდნენ, რა დროსაც ჩვენ თავზე დავადექით. ისინი ყაჩაღებივით გაიქცნენ, ავედევნეთ და დანარჩენი თავად ნახეთ“, - დაწერა ჩიკვაიძემ და გამოაქვეყნა ვიდეო.
ვიდეოში ჩანს მერსედესის მარკის ავტომობილი საგურამოში, რომელიც სკოლასთან გადაადგილდება, ჩიკვაიძე კი ავტომობილიდან ეკითხება: „ჩემს სახლში რა გინდოდათ?“ ორი პირი სახეს იფარავს, ისინი მანქანიდან არ გადმოდიან, არც ფანჯარას სწევენ და მალევე ავტომობილით გარბიან.
ვინ არის ჩიკვაიძე
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.
13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენის ბრალდებებს უწოდა „წინასაარჩევნო შოუ“, ჩიკვაიძეს კი - „კაცი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს“.
ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორიც, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ახლო კავშირების ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს.
გიორგი ჩიკვაიძის კომპანიებია „აზიმუტ იახტები საქართველო“ და „რამზეს იახტსი“, ასევე „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმი“.
ბრალდება
სასამართლოში კი მიმდინარეობს საქმე, რომელიც გიორგი ჩიკვაიძისა და მისი პარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ აღძრა პროკურატურამ მას შემდეგ, რაც უწყებაში მათმა ყოფილმა კლიენტმა, ელგუჯა თურმანიძემ იჩივლა.
ელგუჯა თურმანიძე ფლობს სამშენებლო კომპანია ETS Building-ს, რომელიც, მისი ადვოკატის თანახმად, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მშენებარე კორპუსთან გეგმავდა იახტკლუბის, იახტებისათვის პლატფორმის მოწყობას.
თურმანიძე, - და პროკურატურა, - ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს მითვისება-გაფლანგვას ედავება.
ადვოკატის თანახმად:
- ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა თურმანიძეს წარუდგინეს თავი, როგორც იახტების შემომყვანებმა საქართველოში, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება იახტის ჩამოყვანაზე;
- მათ თურმანიძე წაიყვანეს იტალიაში, - კომპანიის ხარჯით, - „აჩვენეს, ამა და ამ იახტას გიყიდით, ამა და ამ ფასად ჩამოგიყვანთო“;
- „შემდეგ თითქოსდა შეიძინეს, შემდეგ თქვეს, რომ პრობლემებია და იახტა საქართველომდე ვერ მოდისო. საბოლოოდ, იახტა ვერ ჩამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული თარიღის გადავადება“.
ადვოკატის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება იყო 415 000 ევრო, - რაც გადაიხადეს, - ჩიკვაიძემ და მისმა პარტნიორმა კი 2024 წლის იანვარში მხოლოდ ნაწილი, 50 000 ევრო დააბრუნეს.
„ივანიშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი“
გიორგი ჩიკვაიძე, თავის მხრივ, ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს.
ჩიკვაიძე ამბობს, რომ 2022 წელს „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ, მისი და მისი პარტნიორის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.
ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, - რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, - „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.
ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50-50 ათასი ლარი აქვთ შეფარდებული და აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება.
ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი