Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ გახარიასგან მელიას დაკავების გადავადების სურვილი სააკაშვილის „შემოპარვის“ განზრახვას დაუკავშირა


ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ოფისში
ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ოფისში

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში სპეცოპერაციით დაკავების გადავადება 2021 წლის თებერვალში დაუკავშირა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვის განზრახვას.

კობახიძემ „რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ყოფილი თანაგუნდელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამ სცენარში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

„სააკაშვილი მაშინ ამბობდა, ორი დღე მაცალეთ და მანდ ვიქნები, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ამის გამო დამატებითი არგუმენტი გვქონდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად მოგვეთხოვა მელიას დაკავება... სააკაშვილი ამბობდა, ორი დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოშიო. თქვენ თუ გადახედავთ, რა დრო დასჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად კონტეინერით - ზუსტად ორი დღე. გეგმა არსებობდა.

თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება - მელიას ვერ აკავებ, სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, ხომ?.. და ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, უცბად რუსთაველზე გამოჩნდა და სადღაა სახელმწიფო? ესაა სცენარი. გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა მელიას დაკავებისა და გადადგომის შესახებ გიორგი გახარიას კითხვები 14 აპრილს „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსვეს. გახარიას თქმით, „მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის რესურსი არ დარჩენილიყო“. დამატებით მან დასძინა, რომ არსებობდა პოლიციელებსა და პარტიის ოფისში გამაგრებულ ადამიანებს შორის „სერიოზული შეჯახების“ რისკი.

2021 წლის 18 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომის გამო გადაიდო. მელია რამდენიმე დღეში, 23 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში რამდენიმე თვის შემდეგ, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა (საზღვრის ოფიციალურად გადმოკვეთის გარეშე) საქართველოში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG