Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომის დღეს ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ჯერ არ გამოუშვიათ


მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ამბობენ შსს-ში
მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ამბობენ შსს-ში

წუხელ, 20 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ორი ადამიანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ დემონსტრანტები, მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე დააკავა.

21 აპრილს, დილას რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

ჯერ არ გარკვეულა, როდის დაინიშნება სასამართლო.

თუკი სასამართლო არ დაინიშნა დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში, მათ გამოუშვებენ სასამართლო სხდომის დანიშვნამდე.

მოსამართლეს კვლავ შეეძლება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.

პატიმრობის ვადა კი დამოკიდებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოების მუხლზე.

შსს-ში ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, რა მუხლ(ებ)ის დარღვევას ედავებიან დაკავებულებს.

მიხეილ სამხარაძის ადვოკატი, მარიამ მაღრაძე ამბობს, რომ სამხარაძისათვის იზოლატორში გადაყვანის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუკზე დაკავების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ.

„აღდგომას ასე გვილოცავს რუსული მილიცია - ტროტუარზე გადმოსულ ხალხს არბევს. ორი ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. პ.ს. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს ქრისტე აღსდგა ბიჭებოო ეძახდა“, - დაწერა ფეისბუკზე მოქალაქე თამარ კანკავამ.

მიხეილ სამხარაძის ადვოკატი, მარიამ მაღრაძე ამბობს, რომ სამხარაძეს მოსთხოვეს, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაწეულიყო, დაკავებისას კი უკვე ტროტუარზე იდგა.

ადვოკატი უკანონოს უწოდებს მიხეილ სამხარაძის დაკავებას.

ასევე, ამბობს, რომ დაკავებისას სამხარაძე წააქციეს და მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

მეორე დაკავებულის, გიორგი ორთოიძის ცოლი, ნათია ბუკია წერს, რომ ის და მისი მეუღლე სამ შვილთან ერთად შეხვდნენ აღდგომას რუსთაველის გამზირზე.

„11 საათზე ქმარი ხელიდან წამართვეს იმიტომ, რომ თურმე ტროტუარზე დგომა აღარ არის საკმარისი“, - წერს ის.

ორშაბათს, 21 აპრილს პარლამენტთან მათი მხარდამჭერი დემონსტრაციაა დაგეგმილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG