Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს ეზოში ერთი ადამიანი დააკავეს სხვიტარიძის საქმის გამომძიებლის დაკითხვის შემდეგ


გიორგი ჩხეიძეს პოლიციელები აკავებენ.
გიორგი ჩხეიძეს პოლიციელები აკავებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით. გიორგი ჩხეიძის დაკავების მიზეზი უცნობია.

პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 აპრილს, გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი დაკითხეს. ის სასამართლოში მივიდა რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, რომლებიც ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ, კითხვები დაესვათ გახმაურებული საქმის გამომძიებლისთვის.

დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. ისმოდა შეძახილები: „მონა“, „სირცხვილი“, „არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს“.

გამომძიებლის ეზოში გასვლის შემდეგ, ხალხმა, რომელიც მას მონას ეძახდა, სასამართლოს შენობა დატოვა. ამ დროს სასამართლოს ეზოში ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

სწორედ ამ დროს დააკავეს გიორგი ჩხეიძე, რომელიც არის პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა.

გამოცემა „პუბლიკის“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მაშინ, როცა ჩხეიძე მობილურით იღებდა გამომძიებლის „გაცილებას“, მასთან მოულოდნელად მივიდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც ხელი ჩაავლეს. ის ძალის გამოყენებით ჩასვეს დაბურულმინებიან ავტომობილში, რომელსაც არ ჰქონდა წარწერა, რომ პოლიციას ეკუთვნოდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული გადაჰყავთ დიღმის პოლიციის სამმართველოში, რომელიც საქალაქო სასამართლოდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. სამმართველოსკენ გადაინაცვლეს მისმა ახლობლებმაც.

ხმაური იყო სხვიტარიძის საქმის განხილვის დაწყების დროსაც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციელების სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს.

პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს, რის გამოც სხვიტარიძის ახლობლებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ „დაინტერესებული პირები“ იყვნენ და სხდომაზე დასწრება სურდათ.

მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრებოდნენ.

სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმის მიუხედავად, რომ პროევროპული აქციების დაშლის დროს პოლიციამ ათობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე იძალადა, არცერთი მოძალადე სამართალდამცავი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG