Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დავჯარიმდი ავტომობილის გაჩერებისთვის... ავტომობილი არ მყავს“ - შსს-ს სახელით SMS-ებს იღებენ


ფეისბუკპოსტების ფოტოკოლაჟი
ფეისბუკპოსტების ფოტოკოლაჟი

სოციალურ ქსელ ფეისბუკში მომხმარებლები წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯარიმებს იღებენ ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევისთვის, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ ჰყავთ. 

ფეისბუკში მოქალაქეები წერენ:

  • „8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის, 5000 ლარით. P.S. არ მყავს მანქანა“;
  • „როგორც ჩანს ახლა მანქანებზე გადავიდნენ“, „არ მყავს მანქანა“...

„ირაკლი ქერაშვილის და ვარ, ერთ-ერთი სინდისის პატიმრის. ეს ყველაფერი ჩვენს შესაშინებლად და უკან დასახევად კეთდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთუნა ქერაშვილმა, რომელმაც პოლიციიდან მიიღო შეტყობინება.

შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, წერია, რომ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. ამ მუხლით ადამიანს აჯარიმებენ „მანიფესტაციების შესახებ კანონის“ დარღვევისთვის - სახის ნიღბის ტარება ან ლაზერის ფლობა, ან გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ა.შ.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯარიმის შესახებ შეტყობინებებში ავტოსატრანსპორტო საშუალებები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო არის ნახსენები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ ამით შსს-მ „საქმე გაიმარტივა“. მისი თქმით, საჯაროდ გამოქვეყნებულად ითვლება განცხადება SMS შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, შემდეგ 10 დღეში კი შესაძლებელია მისი გასაჩივრება.

„ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი. ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ“, - წერს ნიკა სიმონიშვილი ფეისბუკში.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება.

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG