Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირ „ლაბორსა“ და მისი დამფუძნებლის სახლში ჩხრეკას ატარებენ


პროფკავშირის, „ლაბორის“ ოფისს ჩხრეკენ.
პროფკავშირის, „ლაბორის“ ოფისს ჩხრეკენ.

დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ლაბორის“ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკა იგეგმება პროფკავშირის დამფუძნებლის, გიორგი დიასამიძის სახლშიც.

პროფკავშირის იურისტი ამბობს, რომ გამომძიებლებმა წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომლითაც ოთხ მისამართზე აპირებენ ჩხრეკის ჩატარებას, თუმცა მასში არ არის მითითებული საფუძველი.

სხვა დეტალები არ განუმარტავთ.

როგორც ვიდეოში გამომძიებლების ტანისამოსის მიხედვით ჩანს, ჩხრეკას ატარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (იგივე ფინანსური პოლიცია).

რადიო თავისუფლებას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ეს უწყება ატარებს „შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, თუმცა სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

პროფკავშირის დამფუძნებლის, გიორგი დიასამიძის თანახმად, განუმარტეს, რომ მის სახლშიც ჩაატარებენ ჩხრეკას.

„არ არის პრობლემა, უბრალოდ მე მინდა, რომ ოჯახის წევრებს, თუ უყურებენ ამ ლაივს, არ შეეშინდეთ“, - ამბობს ის პირდაპირ ჩართვაში.

ამ ეტაპზე უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩხრეკა.

„ლაბორი“ არის აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. იგი დაპირისპირებულია „პროფკავშირების გაერთიანებასთან“ (GTUC), რომელსაც „ყვითელ პროფკავშირს“ უწოდებს და ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებს ბრალს.

„რას ეძებენ არ ვიცი, არ უთქვამთ“, - ამბობს დიასამიძე.

იგი ჩხრეკას უკავშირებს შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას.

„იმისთვის, რომ გარკვეული სახის პროტესტები არ იყოს ორგანიზებული, ცდილობენ ველის მოსუფთავებას. დანარჩენს დავაკვირდეთ“, - აღნიშნავს დიასამიძე.

გიორგი დიასამიძე და „ლაბორი“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო, პროევროპულ აქციებს მხარდაჭერას უცხადებს; ასევე, სოლიდარობას უცხადებს ჭიათურელ მაღაროელებს.

„საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ვიდეოზე... ძალიან გთხოვთ, შევინახოთ ნებისმიერი გადამღები საშუალება“, - მოუწოდა ერთ-ერთმა გამომძიებელმა დიასამიძეს, რის შემდეგაც მან პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.

ინფორმაცია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG