ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთმა დაიკავა სადავო რიფი და ეროვნული დროშა აღმართა ფილიპინების სამხედრო ბაზასთან ახლოს. ეს ქმედება ადგილობრივ მედიაში უკვე შეფასდა, როგორც ფილიპინებთან რეგიონული დაპირისპირების ესკალაცია.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა CCTV-მ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს ოთხი ოფიცერი — შავ ფორმაში, ჩინეთის დროშით ხელში — სადავო სენდის ქეის რიფზე, სპრატლის კუნძულებში.
ტელეარხის ცნობით, ჩინეთმა აპრილის დასაწყისში „განახორციელა საზღვაო კონტროლი და აღასრულა სუვერენული იურისდიქცია“ აღნიშნულ რიფზე.
ფილიპინების მთავრობას ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. ჩინეთსა და ფილიპინებს სხვადასხვა კუნძულსა და ზონაზე პრეტენზიები აქვთ. მათი დაპირისპირება ბოლო დროს გამწვავდა — ხშირია ინციდენტები, ხომალდების შეჯახებები და ფიზიკური დაპირისპირებები.
რიფი სენდის ქეი ფილიპინების სამხედრო ბაზასთან ახლოს, თიტუს კუნძულებზე მდებარეობს. ამ კუნძულებს მანილა ზღვაში ჩინეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის იყენებს.
თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ რიფის დაკავების შესახებ ცნობები "მაღალ შეშფოთებას იწვევს, თუკი დადასტურდება".
„Financial Times-ის" ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯეიმს ჰიუიტმა განაცხადა, რომ "მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს", ხოლო თეთრი სახლი "მჭიდრო კონსულტაციას გადის თავის პარტნიორებთან".
ჩინეთის ეს ქმედება ემთხვევა იმ პერიოდს, როცა აშშ-ისა და ფილიპინების შეიარაღებული ძალები ატარებენ ყოველწლიურ სამხედრო სწავლებას სახელწოდებით "ბალიკატანის წვრთნები". ჩინეთმა სწავლება პროვოკაციულად შეაფასა.
წვრთნებში, რომლებიც უახლოეს დღეებში გაგრძელდება, მონაწილეობს დაახლოებით 17 000 სამხედრო პირი. კვირას ფილიპინების ჩრდილოეთ სანაპიროსთან აშშ-ის საზღვაო საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემიდან (MADIS) რაკეტები გაუშვეს — სისტემის მეორე ცოცხალი გაშვება და პირველი დისლოცირება ფილიპინებში. სწავლების ფარგლებში ასევე იგეგმება აშშ-ის ანტისაზღვაო სარაკეტო სისტემა NMESIS-ის გამოყენებაც.
ფილიპინების სამხედრო ძალების თანახმად, წვრთნები ეროვნული თავდაცვის მოსამზადებელი რეპეტიციაა და კონკრეტულ ქვეყანას არ უკავშირდება.
"ამგვარი მომზადება ჩვენთვის უზომოდ ფასეულია", — განაცხადა მესამე საზღვაო ლიტორალური პოლკის ოფიცერმა ჯონ ლეჰანმა.
სწავლება ეხმარება იმ შეშფოთების განმუხტვას, რომელიც აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან შეინიშნებოდა — შიშობდნენ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს რეგიონში აშშ-ის მრავალწლიანი სამხედრო მხარდაჭერა.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავები საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წლებში დაძაბულობა საგრძნობლად გაძლიერდა.
ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას, ე.წ. „ცხრაწერტილიანი ხაზის“ ფარგლებში. ეს ხაზი ცხრა მონიშვნას მოიცავს და ჩინეთის ყველაზე სამხრეთი პროვინცია ჰაინანიდან ასეულობით მილით სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით ვრცელდება. პეკინი თავის ფართო ტერიტორიულ მოთხოვნებს ამყარებს კუნძულების აგებითა და საზღვაო პატრულირებით.
ვიეტნამი, ფილიპინები, ტაივანი, მალაიზია და ბრუნეი ასევე აცხადებენ პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სხვადასხვა კუნძულსა და ზონაზე.
ფორუმი