Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, წლების განმავლობაში „ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში“ ცხოვრობდნენ


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ ამბობს, რომ პარტიას წლების განმავლობაში „ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში“ უწევდა ცხოვრება და დღეს „საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“.

მას არ განუმარტავს, რას ნიშნავს „ძალდატანებული კოჰაბიტაცია“ ან ვინ აიძულა ისინი ყოფილიყვნენ ამ რეჟიმში სურვილის საწინააღმდეგოდ.

„ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას, ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამდე მივდიოდით ჩვენ აქამდე. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი და „ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უცხოური აგენტურა“.

„დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - ამბობს პრემიერი, რომელიც პოსტზე დაამტკიცა სადავო ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს.

კოჰაბიტაცია საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, ხოლო მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი) თანამდებობაზე 2013 წლის ოქტომბრამდე დარჩა. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო ხელისუფლების ორი პოლუსი: პრეზიდენტი ერთი პარტიიდან და მთავრობა — სხვა პარტიიდან.

"ქართული ოცნების" ლიდერები კოჰაბიტაციაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ლაპარაკობდნენ — ისინი ამ პროცესს ზოგჯერ აუცილებლობად წარმოაჩენდნენ, ზოგჯერ კი კრიტიკულად საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო "ძალიან დიდი დათმობა" ყოფილი მმართველი ძალის მიმართ.

ივანიშვილი ხშირად ამბობდა, რომ კოჰაბიტაცია იყო ნაბიჯი დასავლური პარტნიორების რეკომენდაციით, რათა საქართველოში არ ყოფილიყო პოლიტიკური ქაოსი და არ დაზარალებულიყო ქვეყნის იმიჯი დასავლეთში.

კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ კოჰაბიტაცია იყო შეცდომა. მისი განმარტებით, "ქართულ ოცნებას" რომ არ ემოქმედა დასავლური პარტნიორების რეკომენდაციებით, "ნაციონალური მოძრაობის" გავლენა ბევრად ადრე შემცირდებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG