Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში აკრძალეს ექსტრემისტული „სამეფო გერმანია“ და მისი დამფუძნებელი „მეფე" დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გერმანიაში აკრძალეს მემარჯვენე ექსტრემისტების მოძრაობის, ე.წ. რაიხსბიურგერების ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია „სამეფო გერმანია“(Königreich Deutschland), რომელიც არ აღიარებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმურობას.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, ამ გაერთიანების მიზნები და საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ. აკრძალვა მოიცავს ორგანიზაციის აქტივების კონფისკაციას და ინტერნეტ-საიტების დაბლოკვასაც.

DW-ს ინფორმაციით, დღეს, 13 მაისს დილით გერმანელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩხრიკეს ორგანიზაციის ოფისები და წამყვანი წევრების სახლები. პროკურატურამ დააკავა გაერთიანების ოთხი ხელმძღვანელი, მათ შორის დამფუძნებელი პეტერ ფიტცეკი, რომელიც თავს „გერმანიის მეფეს“ უწოდებს.

პროფესიით მზარეულმა ფიტცეკმა „სამეფო გერმანია“ 2012 წელს დააფუძნა. ე.წ. რაიხსბიურგერების ამ დაჯგუფების ინფორმაციით, „სამეფო გერმანიას“ 6000-მდე წევრი ჰყავს.

გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქვეყანაში 20 ათასამდე „რაიხსბიურგერია“. მათგან თითქმის 2300 ძალადობისკენ მიდრეკილია. „რაისხბიურგერებს“ აერთიანებთ დემოკრატიის მიუღებლობა და მონარქისტული, ქსენოფობიური და ანტისემიტური შეხედულებები.

ე.წ. რაიხსბიურგერების მოძრაობა 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი წევრები არ აღიარებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას, თავს მიიჩნევენ „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად და აქვთ არარსებული იმპერიის მოქალაქის პირადობისა და მართვის უკანონო, ალტერნატიული მოწმობები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG