რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევისას, რომელიც 18 მაისის ღამის 11 საათიდან 19 მაისის დილამდე მიმდინარეობდა, 112 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.
სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში მოიგერიეს 76 დრონი, კიდევ 35 კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
სუმის საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ოთხი სახლი და ერთ-ერთი საწარმო. დაიჭრა ერთი ადამიანი. საოლქო ადმინისტრაცია საწარმოს არ აკონკრეტებს. დღეს დილით რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხერსონზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მისი ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 35 დრონი, მათგან 26 - ყირიმში, 8 - ბრიანსკის ოლქში და 1 - ბელგოროდის ოლქში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, შჩებეკინოს რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
ფორუმი