„შეთანხმებები, რომლებსაც დღეს მივაღწიეთ, არა მხოლოდ პროგრესს აჩვენებს, არამედ ეს არის ახალი თავი გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. განახლებული და გაძლიერებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ დასაწყისი“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ 19 მაისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების ნაწილს ასე ეხმაურება: „გლობალური მზარდი გაურკვევლობისა და რყევების ხანაში, ამით მოხდება გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის თავდაცვითი თანამშრომლობის ფორმალიზება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
მიმდინარე წლის თებერვალში კირ სტარმერი მიწვეული იყო ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე თავდაცვით საკითხებზე სამსჯელოდ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს იხსენებს:
„მაშინ მე ვიგრძენი დადებითი ენერგია ჩვენს ურთიერთობებში. დავინახე უდიდესი პოტენციალი, რომლის მიღწევაც ერთობლივად შეგვიძლია, რომ რეალურ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ხალხებისთვის. მას შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები ვმუშაობთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, დავასტაბილუროთ და გავაძლიეროთ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო სამართალს და დავიცვათ გაეროს ქარტია მზარდი საფრთხეების ფონზე“.
სამიტის შედეგად მიღწეულია ერთობლივი განცხადება გლობალურ საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმება უსაფრთხოებასა და თავდაცვაში პარტნიორობაზე და შეთანხმება თანამშრომლობის განახლებულ დღის წესრიგზე ურთიერთგაგების შესახებ.
გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ნიკ თომას-საიმონდსმა განაცხადა:
„დღეს ისტორიული დღეა, როცა აღინიშნება ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი თავის დაწყება, რომელიც დაეხმარება მშრომელ ხალხს მთელ გაერთიანებულ სამეფოში.
მოლაპარაკებების დაწყებიდან დღემდე, ვმუშაობთ გარიგებაზე, რომ ბრიტანელები იყვნენ მეტად დაცული, მეტად უსაფრთხოდ და ჰქონდეთ მეტი კეთილდღეობა. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა სამივე მიზანს უზრუნველყოფს. ის ეხება სამუშაო ადგილებს, გადასახადებსა და საზღვრებს".
გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი აგრეთვე შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე ახალგაზრდების გამოცდილების სქემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, კვლავ თავისუფლად იმუშაონ და იმოგზაურონ ევროპაში. ეს სქემა, რომელიც იქნება შეზღუდული და ვადიანი, იმეორებს გაერთიანებული სამეფოს არსებულ სქემებს ავსტრიასა და ახალ ზელანდიასთან.
პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიგრაციის შემცირება რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად, რის გამოც დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს შემდგომ მუშაობას უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად.
ევროკავშირი გაერთიანებული სამეფოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ბრექსიტის (2020 წლის იანვარში) შემდეგ ექსპორტი 21%-ით, იმპორტი კი 7%-ით შემცირდა.
ფორუმი