„კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული. ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ალბათ, უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2-ის" ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ რუბიოს პასუხის მიხედვით, „ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს“:
„როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული. ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან, არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო“.
დღეს, 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, - აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მას საქართველოს შესახებ კითხვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერი პოზიციისთვის ანტიამერიკულად განწყობილი "ქართული ოცნების" რეჟიმის მიმართ საქართველოს რესპუბლიკაში. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს. მათ დანაშაულად აქციეს ამერიკასთან ასოცირება. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, გაყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდ მადლობას ვუხდი "რონდელის ფონდის" მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც მოწმობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლს საქართველოში, და მსურს, ეს დოკუმენტი შევიდეს ოფიციალურ ჩანაწერში. გარდა ამისა, უკვე 200 დღეა, რაც თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ამერიკული დროშებითა და პრეზიდენტის (ტრამპის) პლაკატებით. თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო დეპარტამენტი, რათა დააკისროს რეალური საზღაური ანტიამერიკულ "ქართულ ოცნებას", ქართველი ხალხის სახელით? - იკითხა კონგრესმენმა.
უილსონს რუბიომ ასე უპასუხა:
„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ შევხედავთ ამ საკითხს და ვიტყვით: „არის ჩვენ ეროვნულ ინტერესში ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა დავაკისროთ საზღაური ამ მთავრობას.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება“.
კონგრესმენ უილსონის შეკითხვაზე სახელმწიფო მდივნის განცხადება რუბიოს პირველი საჯარო პასუხია საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
იქამდე, აპრილის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა globalnews.ge-ს ჟურნალისტის მიერ 28 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგების ოთახში დასმულ კითხვაზე წერილობითი პასუხი გასცა. „რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი] ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.
ფორუმი