Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა რუსეთიდან იუწყებიან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ


უპილოტო საფრენი აპარატი
უპილოტო საფრენი აპარატი

22 მაისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, საჰაერო თავდაცვამ შუაღამიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მოიგერია საერთო ჯამში, 29 დრონი.

დროებით დახურეს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები. მუშაობა შეაჩერეს ვლადიმირის, კალუგის, ტამბოვის და ივანოვოს აეროპორტებმაც.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ათამდე აფეთქება იყო ქალაქ ტულაში. ტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონებით შეტევა მოიგერია.

დრონებით შეტევა იყო ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკზეც, სადაც ქიმიური ქარხანა და კიდევ რამდენიმე საწარმო მდებარეობს.

განახლება: დილის 8 საათისთვის ტულის ოლქის გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ერთ-ერთი დრონი ქალაქ ტულის პროლეტარსკის რაიონში შეეჯახა მრავალბინიანი სახლის სახურავს, ხოლო მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე ადგილას დააზიანეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. გუბერნატორ მილიაევის თანახმად, მსუბუქად დაიჭრა ორი ადამიანი.

განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 22 მაისის 00:00-დან 05:30 საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 35 - მოსკოვის რეგიონში, 14 - ორიოლის ოლქში, 12 - კურსკში, 11 - ბელგოროდის ოლქში, 10 - ტულაში, 9 - კალუგის ოლქში, 7 - ვორონეჟში, 3-3 - ლიპეცკის და სმოლენსკის ოლქებში და 1 - ბრიანსკში.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო 21 მაისსაც. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 140-ზე მეტი დრონის განადგურებას იუწყებოდა, დღის ბოლოს კი - კიდევ 77-ის.

21 მაისს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ორიოლის ოლქის ქალაქ ბოლხოვში მდებარე ნახევარგამტარი მოწყობილობების ქარხანა.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG