Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუბლიკის“ ჟურნალისტი, რომელიც აქციას აშუქებდა, „გზის გადაკეტისთვის“ დააჯარიმეს


მარიამ ქავშბაია
მარიამ ქავშბაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. 

„ჟურნალისტი 3 მაისს (მანამდეც და მომდევნო პერიოდშიც) პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა, და რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ აქციას აშუქებდა“, - აცხადებენ „პუბლიკაში“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პროევროპული აქციების გაშუქების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ კვალიფიკაციით.

პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG