Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს გაიმართა მარშები, დარჩენილია დასკვნითი ღონისძიება


გვანცა ჯობავა - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი
გვანცა ჯობავა - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი

დღეს, 26 მაისს, სამოქალაქო სექტორისა და პროტესტში ჩართული საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად თბილისის სხვადასხვა ქუჩიდან მარშები გამართეს.

მოქალაქეები შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, ფილარმონიასთან და მარჯანიშვილის მეტროსთან.

გაიმართა ლექციები და მოეწყო დისკუსიები, 15:00 საათიდან კი ეროვნული გალერეის წინ, რუსთაველის გამზირზე, ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა გამოფენა.

17:10 საათზე - ზუსტად იმ დროს, როცა 107 წლის წინათ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი - დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გაჟღერდა. იგი წაიკითხა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა გვანცა ჯობავამ. ამ აქტით 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დღის ბოლოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იგეგმება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG