Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება - შედეგებს დიდი ინტერესით ელოდებიან


პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი, ლიბერალ-კონსერვატორი რაფალ ტშასკოვსკი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, მემარჯვენე-კონსერვატორი კაროლ ნავროცკი.

ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს - ექნება თუ არა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს კოალიციას მართვის სადავეების ფლობის შესაძლებლობა. ეს 53 წლის რაფალ ტშასკოვსკის გამარჯვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ხოლო 42 წლის კაროლ ნავროცკის გამარჯვების შემთხვევაში, ექსპერტები ქვეყანას მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისსა და რიგგარეშე არჩევნებსაც კი უწინასწარმეტყველებენ. ნავროცკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია.

პოლონეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში. პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომლის სამხედრო პოტენციალი იზრდება და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება, ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს გაუგზავნის სიგნალს, რომ, მათ შორის - ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობები აქტუალურია.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 18 მაისს გაიმართა, გასამარჯვებლად საჭირო [50%-ზე მეტი] მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

პირველი ტურის შედეგებით, პირველ ადგილზე გავიდა [30,9%] რაფალ ტშასკოვსკი; მას მოსდევდა კაროლ ნავროცკი [29,8%] უმნიშვნელო სხვაობით. ხმების 14,9%-ით, მესამე ადგილზეა ნაციონალისტური პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი.

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG