Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე საქართველოდან თურქეთში გააძევეს


თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს, - იუწყება მისი მეუღლე.
თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს, - იუწყება მისი მეუღლე.

საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილე, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.

ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მისმა ცოლმა, ნინო კაკულიამ გაავრცელა.

„ვერაგულად ღამე გაიყვანეს... ვერ დავემშვიდობე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელებში.

რადიო თავისუფლება შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას ელოდება.

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“.

აპრილის ბოლოს სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს საბოლოო უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

ქათამაძის ინტერესებს ბოლო პერიოდში იცავდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც).

სსც-ის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ გუშინ, ღამის 12 საათზე გადიოდა თემურ ქათამაძისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და „ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა“.

განახლება: ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „გაფფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა“.

„ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.

თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.

56 წლის თემურ ქათამაძე გადაიყვანეს შსს-ის დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც შიმშილობა გამოაცხადა.

ინფორმაცია განახლდა ალექსანდრე დარახველიძის კომენტარებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG