შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მემარცხენე კატასტროფა" უწოდა „ამერიკის ხმას“(VOA) და კონგრესში თანაპარტიელ რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ VOA-ს შენარჩუნებას.
„რატომ უნდა სურდეს რესპუბლიკელს, რომ დემოკრატების რუპორი ამერიკის ხმა გაგრძელდეს... არცერთმა რესპუბლიკელმა ხმა არ უნდა მისცეს მის გადარჩენას. მოკალით ის!“ - დაწერა 25 ივნისს, ღამით ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს(USAGM) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩევლის, კერი ლეიკის გადაწყვეტილებით, 20 ივნისს სამსახურიდან დაითხოვეს „ამერიკის ხმის“ დარჩენილი თანამშრომლების უმეტესობაც.
25 ივნისს ლეიკმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მითითებებს ასრულებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა 14 მარტს გამოსცა განკარგულება შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირების შესახებ.
USAGM ზედამხედველობას უწევს „ამერიკის ხმას", სხვა ფედერალურ მაუწყებლებსა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL). სააგენტომ მედიასაშუალებებს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება შეუჩერა და მარტში იძულებით შვებულებაში გაუშვა თანამშრომლების ნაწილი.
„ამერიკის ხმამ" და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
გლობალური მედიის სააგენტოს(USAGM) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა „ამერიკის ხმას“ არაერთხელ უწოდა დისფუნცქიური, მის სარედაქციო პოლიტიკას კი „მიკერძოებული“ და „ანტიამერიკული", რასაც „ამერიკის ხმა" კატეგორიულად არ ეთანხმება.
კერი ლეიკმა თავისი შეფასებები 25 ივნისს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გაიმეორა. სააგენტო AP-ის ცნობით, ლეიკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მითითებებს ასრულებს შემცირებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული იმ მედიის, რომელიც მიკერძოებულია. ლეიკი მიიჩნევს, რომ „ამერიკის ხმა" დღეს არსებული ფორმით საერთოდ უნდა გაუქმდეს და თავიდან დაიწყოს.
კერი ლეიკმა ისიც თქვა, რომ USAGM „დალპა“ და მისი „გადასარჩენად ვარგისი“ ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს.
ლეიკმა გააკრიტიკა კონგრესის მიერ დადგენილი საკანონმდებლო მექანიზმიც (firewall), რომელიც 1994 წლიდან მოქმედებს და მთავრობის ჩინოვნიკებს უკრძალავს ახალი ამბების დამოუკიდებლად გაშუქებაში ჩარევას. კერი ლეიკის განცხადებით, ეს მექანიზმი USAGM-ის ხელმძღვანელებს არ აძლევს „მიკერძოებული, ანტიამერიკული ან თაღლითური რეპორტაჟების“ აღკვეთის შესაძლებლობას.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა დემოკრატებმა ლეიკს მიუთითეს, რომ რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო აქტიურ ძალისხმევას მიმართავენ მასმედიაში ამერიკული ხმების დადუმებით წარმოქმნილი ვაკუუმის შესავსებად.
წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა მადლენ დინმა კერი ლეიკს უთხრა, რომ მათი ქმედებები არა რეფორმები, არამედ მედიასაშუალებების დახურვაა.
ფორუმი