როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა თავის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათიდან დაიწყო შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.
ამ ოფიციალური ცნობების მიხედვით, დრონებით შეტევის შედეგად მილეროვოს რაიონში სახლი დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ აზოვსა და აზოვის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაზიანდა სახლები, ყველაზე მეტად ქალაქ აზოვის ერთ-ერთი მრავალბინიანი კორუსი, რომელსაც სახურავი დაენგრა, ქალაქ შახტიში კი გაითიშა ელექტროქვესადგური და ენერგომომარაგების გარეშე დარჩა 6 ათასი ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 48 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 26 როსტოვის ოლქში, 12 - კურსკში, 6 - ბელგოროდის ოლქში, 3 - ორიოლის ოლქში და 1 - ლიპეცკში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს მოსკოვის ოლქზე, სადაც ქალაქ სერგიევ-პოსადის მერის, ოქსანა ეროხანოვას ინფორმაციით, ოთხი დრონი ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაშავდა და ელექტროქვესადგური დაზიანდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმაც თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, რომელსაც დაურთო ფოტო ქალაქ სერგიევ-პოსადის იმ რაიონიდან, სადაც 4 ივლისს აფეთქება მოხდა.
განახლება: 4 ივლისს, დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს ობიექტს, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს „შაჰედის“ ტიპის დრონების საბრძოლო ნაწილებს.
ფორუმი