უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად ქალაქ ვინიცაში, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 3 ადამიანი. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე.
მასირებული შეტევა იყო ქალაქ კრივოი-როგზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებთან ერთად ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენეს. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა 17 წლის ბიჭი. დანგრეულია სამოქალაქო საწარმო. ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
განახლება: ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაზიანებულია 4 სახლი.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ ვინიცაში ჰოსპიტალიზებულია 8 დაშავებული. დრონებით დარტყმა იყო ორ სამოქალაქო საწარმოზე, სადაც მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს ერთი ბალისტიკური რაკეტა და 400 დამრტყმელი დრონი. შეტევის ძირითადი მიმართულებები იყო: ვინიცა, ხარკოვი და კრივოი-როგი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 198 დრონი, კიდევ 145 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გააუვნებლეს. 12 ადგილზე დაფიქსირებულია რაკეტით და 57 დრონით უშუალო დარტყმა, 2 ადგილზე კი ნამსხვრევების ჩამოცვენა.
ფორუმი