ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, გრაივორონის რაიონში კერძო სახლზე დრონით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გლადკოვის თანახმად, ქალაქ ბელგოროდში ჰოსპიტალიზებულია ექვსი დაშავებული.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, ქალაქ ვორონეჟში მოგერიებული დრონების ფრაგმენტები დაეცა მრავალსართულიან სახლს, სადაც ოთხი ბინა დაზიანდა და სამი მოზარდი დაშავდა. ვორონეჟზე დრონებით შეტევა იყო 15 ივლისსაც, ადგილობრივი ხელისუფლება ერთი დაღუპულისა და ოცზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო სმოლენსკის ოლქშიც, სადაც, გუბერნატორ ვასილი ანოხინის თანახმად, მოგერიებული უკრაინული დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.
მოსკოვისკენ მიმავალი სამი დრონის „განადგურების“ შესახებ იუწყება მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“. კონკრეტული ადგილი და შედეგები სობიანინს არ დაუსახელებია.
დრონებით შეტევის „მცდელობა მოიგერიეს“ ლენინგრადის ოლქის კიროვის რაიონში. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო იუწყება დეტალების დაკონკრეტების გარეშე. დროებით დახურეს პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო“.
განახლება: კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ 17 ივლისს, დილით განაცხადა, რომ სუხინიჩკის რაიონში დრონი მოხვდა 2-სართულიან სახლს, სადაც 14 წლის გოგო დაშავდა, სახლის მცხოვრებნი ევაკუირებული არიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 16 ივლისის ღამის თორმეტის ნახევრიდან 17 ივლისის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 122 უკრაინული დრონი. მათგან 43 - ბრიანსკის ოლქში, 38 - კურსკში, 10 - ორიოლის ოლქში, 6-6 - სმოლენსკის და ვორონეჟის ოლქებში, 5 - ბელგოროდში, 3-3 მოსკოვის რეგიონში, კალუგის ოლქსა და ყირიმში, 2-2 - ლენინგრადის და ლიპეცკის ოლქებში და 1 - ტულაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
თავად უკრაინა რუსეთის ჯარების მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ინტენსიური დარტყმების ქვეშაა.
გაეროს მონიტორინგის მისიის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის ივნისში უკრაინაში დაიღუპა 232 და დაიჭრა 1343 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ერთ თვეში გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლია.
ფორუმი