Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება კრიმინალად შეფასდეს, როცა ხელს უწყობენ სახელმწიფოსთვის საზიანო სიყალბის გავრცელებაში - კობახიძე BBC-ს გამოძიების შემდეგ


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოსთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება შეფასებული იყოს კრიმინალად“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ.

დღეს, 2 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს ექიმი კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი, - რომლის კვლევაც ნახსენებია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში 2024 წელს საქართველოში აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ქიმიურ აგენტ „კამიტის“ გამოყენების შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

დღეს, 2 დეკემბერს, კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „BBC-სთვის ინტერვიუს მიცემა, საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა დანაშაულია? თუ არ არის დანაშაული, მაშინ როგორ ახსნით, რომ სუსმა გამოძიება დაიწყო უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის?"

კობახიძემ პასუხად განაცხადა: „როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოსთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება შეფასებული იყოს კრიმინალად, თუმცა მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულს კვალიფიკაციას აძლევს“.

„ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მაგრამ, ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს“, - თქვა მან.

კობახიძის სიტყვებით, BBC-ს ხელისუფლებამ დეტალური ინფორმაცია გაუზიარა, მაგრამ „BBC დაეყრდნო მამა-შვილ ჩახუნაშვილებს“, რაც, მისი თქმით, „ადასტურებს, რომ BBC-მ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ“.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებზე წყლის ჭავლში შერეული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.

ეს ვარაუდი ეფუძნება:

  • 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების მონაწილეთა მონათხრობს - ისინი აღწერენ, როგორი ეფექტი ჰქონდა შსს-ის მიერ გამოყენებულ სპეცსაშუალებებს;
  • აქციების მონაწილე ექიმის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევას (მან აქციების მონაწილე 350 ადამიანი გამოჰკითხა კითხვარის საშუალებით; 69 მათგანს ჩახუნაშვილმა სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარა; გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი შეუნარჩუნდა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან ერთი თვის განმავლობაში - თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი ან ღებინება; მისი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Toxicology Reports-ში); კვლევის თანაავტორები მისი ძმა და მამაც არიან;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, ლაშა შერგელაშვილის (გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსი 2022 წლამდე) და გიორგი შაიშმელაშვილის (გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის) ინტერვიუებს;
  • ასევე გდდ-ის ინვენტარის აღმწერ, 2019 წლით დათარიღებულ დოკუმენტს;
  • ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს.

როგორც BBC-ს ტექსტშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს მიგნებებს უწოდა „აბსურდული“ და „სრულიად უაზრო“, ასევე განაცხადა, რომ „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს პოლიცია „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ BBC დაადანაშაულა „ბინძური დაკვეთების შესრულებაში“ და უწოდა „დიპ სტეიტის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია“.

მან გამოძიებას უწოდა „სიცრუის კორიანტელი“, რომელსაც „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“ და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს.

1 დეკემბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ განაცხადა:

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“.

დღეს, 2 დეკემბერს კი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რაც შეეხება ნივთიერება "კამიტს", ნივთიერება "კამიტი" საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე“.

"ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ თქვა: „მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG