ზელენსკის თქმით, 2026 წელს უკრაინელებს თან მიაქვთ "თანამშრომლობის შესაძლებლობა და ადამიანურობა". "ჩვენ გვწამს მშვიდობის, მისთვის ვიბრძვით და მისთვის ვმუშაობთ" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
რამდენიმე საათით ადრე მედიასა და ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საახალწლო მილოცვა, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე რეგიონების, ჩუკოტკისა და კამჩატკის მოსახლეობისთვის, სადაც უკვე დადგა 2026 წელი.
სააგენტო "ტასმა" გამოაქვეყნა პუტინის გამოსვლის სრული ტექსტი, რომლის დიდი ნაწილიც ეძღვნება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეებს - ანუ უკრაინაში ომის მონაწილეებს. პუტინი მათ უწოდებს გმირებს, რომლებიც იბრძვიან "სიმართლისა და სამართლისთვის". პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მებრძოლებს მხარი დაუჭირონ "სიტყვით და საქმით" და განაცხადა "გამარჯვების რწმენაზე". პუტინის გამოსვლის ტექსტში საუბარი არ არის მშვიდობაზე ან ომის მშვიდობიან გადაწყვეტაზე.
რუსეთის მცხოვრებთ პუტინმა უწოდა "ერთი დიდი, ძლიერი და შეკრული ოჯახი" და თქვა, რომ მათ აერთიანებთ "ტრადიციები, რწმენა და ისტორიული მახსოვრობა". პუტინი თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, "წინ იარონ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს".
2026 წელი უკვე მეხუთე წელი იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომისა - რომელიც დაიწყო ამ ქვეყანაში შეჭრის თაობაზე პუტინის მიერ 2022 წლის თებერვალში გაცემული ბრძანებით. საომარი მოქმედებები არ წყდება ახალი წლის ზეიმის დღეებში. პუტინი საახალწლო გამოსვლებში სამხედროებს 2022 წლის დეკემბრიდან ახსენებს, თუმცა წლევანდელ მილოცვაში ჯარისკაცებს უფრო დიდი დრო დაუთმო.
ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა 1999 წლის 31 დეკემბერს - ამ დღეს გადადგა მისი წინამორბედი, ბორის ელცინი. შესაბამისად, პუტინი ხელისუფლებაშია უკვე 26 წლის განმავლობაში - სხვადასხვა თანამდებობაზე, უმეტესად, როგორც პრეზიდენტი.
რუსეთში დღეს იწყება საახალწლო არდადეგები, რაც 11 იანვრამდე გაგრძელდება.
ფორუმი