„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - Groupe ADP-ს და კომპანია TAV-ს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიციის სახით 150 მილიონი დოლარი ჩაიდება. მანვე აღნიშნა, რომ Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს.
ახალი აეროპორტის აშენების იდეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2023 წელს გააჟღერა. იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საერთაშორისო კლასის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობაზე მუშაობის დროს ფულის გათეთრებისთვის გაასამართლეს. ის ხუთ წელს გაატარებს საპატიმროში.
„ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი - 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ პირველი ფრენებიც განხორციელდეს და ეს აეროპორტიც სრულად დავტვირთოთ“, - განაცხადა 2024 წლის აპრილში იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს, აქედან ორს, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს, „ტავ ურბან საქართველო“ მართავს. სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით, არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. GOOGLE MAP-ის მიხედვით, თბილისის აეროპორტიდან ვაზიანის ყოფილ აეროდრომამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.
ახალი აეროპორტი, რომლის აშენებაზეც „ქართული ოცნება“ მესამე წელია საუბრობს, თბილისის გარეუბანში, ვაზიანში უნდა აშენდეს. იქვე მდებარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა და ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.
ფორუმი