2026 წლის 19-23 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-ე ყოველწლიური შეხვედრა იმართება მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს შორის.
„ეს ყოველწლიური შეხვედრა აერთიანებს მრავალფეროვან პერსპექტივებს, რომლებიც საჭიროა მსოფლიოს წინსვლისთვის 2026 წელს...
ღრმა გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი ცვლილებებით განსაზღვრულ მომენტში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს მიუკერძოებელ პლატფორმას დიალოგისთვის, თანამშრომლობისა და ქმედებისთვის“, - წერია ფორუმის შესახებ ინფორმაციაში.
2026 წელს ფორუმში მონაწილეთა შორის არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე ფორუმს ესწრებიან 1700 ბიზნესლიდერი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს წარმომადგენელი არც გასულ, 2025 წელს მონაწილეობდა დავოსის ფორუმში.
განსაკუთრებით 2024 წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დადგა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე.
ამ დრომდე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლის პარალელურად აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
ფორუმი